9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
- 09 აპრილი, 2021
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
32 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, როცა საბჭოთა იმპერიამ ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაუნდობლად დაარბია. იმ და მომდევნო დღეებში 21 გმირი დაიღუპა. ქართველების მტრის წინაშე ერთად დგომის ღამეს ამ გმირების გარდაცვალებიდან 2 წელიწადში ასრულდა ორსაუკუნოვანი ოცნება და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის მე-10 კლასელი მოსწავლე იყო, მოსიყვარულე, თბილი, მზრუნველი და სამართლიანი. უყვარდა სიცოცხლე, ეხმარებოდა ყველას, რითაც შეეძლო.
როგორც ეკას დედა, ქალბატონი ლალი ყანჩაველი იხსენებს, 1989 წლის 8 აპრილს აქციაზე ეკა მარტო მივიდა. მის მოსაძებნად წასულმა მშობლებმა შვილს მიტინგზე მიაკვლიეს და მასთან ერთად შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიან აქციას. ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მას მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა. იგი საკუთარი შვილის დაკრძალვასაც არ დასწრებია. დღემდე დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, იმ საბედისწერო დღეს, დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. ეკას კლასელები 32 წელია ტრადიციას არ არღვევენ და ეკას საფლავზე ყოველ წელს ოჯახებით იკრიბებიან.
ეკა ბეჟანიშვილის სახელობის ქუჩა არის თბილისსა და სიღნაღში. 2014 წელს ეკას ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი გადასცა.
სკოლაში ეკა ბეჟანიშვილის კაბინეტი და მემორიალი მოეწყობა.
კომაროვის სკოლა პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ გმირებს.
გვჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომითა და სწავლით საქართველო დიდ ნაბიჯებს გადადგამს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე!